“საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით”

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა. უსუფაშვილმა შეხვედრაზე საკონსტიტუციო უმრავლესობის უარყოფით და დადებით მხარეებზე ისაუბრა.

„ამ კედლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართულა ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა პრაქტიკულად უნიკალურია, ვინაიდან დღეს პარლამენტში იმართება ღონისძიება საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობის და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად. დღევანდელი შეკრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თითეული ჩვენგანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ვეკუთვნით, ვართ გამარჯვებული თუ დამარცხებული ამ კონკრეტულ არჩევნებში, ვემსახურებით ჩვენს საერთო სამშობლოს. სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო, ეს არის საპატიო შრომა. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცეთ იმედი, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ჰყავდა ხელისუფლება, ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც გაუძღვება ქვეყანას, უზრუნველყოფს შემდეგი არჩევნების ჩატარდებას და ასე გაგრძელდება. ჩვენ აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც ვითარდებოდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მე-8 მოწვევის პარლამენტი ისეთივე მრავალპარტიული და ჭრელი იყო, როგორიც ქართული საზოგადოებაა.

„ამ სიჭრელემ შეიძლება, ბევრი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა პარლამენტს, სამაგიეროდ, ამ სიჭრელის გამო, შესაძლოა, შეცდომებიც ცოტა დავუშვით. მომავალი პარლამენტი, თავის მხრივ, იქნება ასევე გამორჩეული, ვინაიდან ერთი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, რაც, ერთი მხრივ, მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით, მაგრამ ამასობაში, ალბათ, ავალდებულებს მომავალი პარლამენტის თითოეულ წევრს, რომ მეტი დაფიქრებით და განსჯით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა შეცდომები ნაკლები დავუშვათ. შეცდომებისგან კი დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ გვინდა, დღევანდელი შეკრებით ხაზი გავისვათ ზუსტად იმას, რომ ჩვენ ყველანი ქართულ სახელმწიფოს ვემსახურებით და მრავალპარტიულობა, მრავალფეროვნება, არჩევნებში დამარცხებული, არჩევნებში გამარჯვებული – ეს იქნება ნორმალური მოვლენა და არა ტრაგედიები, ანგარიშწორებები და ცხოვრების დასასრული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: სურვილი მექნებოდა, რომ პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს
შემდეგი სტატიაევროკომისია შენგენის ზონაში შესასვლელად 5 ევროიან გადასახადს დააწესებს