საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობას სამი ახალი მოსამართლე დაიწყებს – პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილი თემურ ტუღუში დღეს, ოფიციალურად ფიცს დადებენ და ათი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოვალეობას შეასრულებენ.

ინაუგურაციის ცერემონიას პრეზიდენტი, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 9-ის ნაცვლად, 8 მოსამართლე იმუშავებს. პარლამენტის კვოტით დასანიშნ მე-9 მოსამართლეს ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

უფლებამოსილება სამ მოსამართლესთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილსაც ამოეწურა. ახალი თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა აირჩიოს. კანდიდატურას სამი მოსამართლე წარადგენს, დასამტკიცებლად კი საკმარისია მოქმედი მოსამართლეების უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

მანამდე, თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. კულუარული ინფორმაციით, სწორედ ის მოიაზრება პაპუაშვილის შემცვლელად.

ახალ მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ გახმაურებული საქმეების განხილვაც მოუწევთ, რომლებზეც გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა განსხვავებული პოზიციების გამო, ვერ მიიღო.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ენმ-ს წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატია(video) ნატოში სარაკეტო შეტევისგან დაცვის ვიდეო აჩვენეს