„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია ხვალ იმსჯელებს

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია ხვალ იმსჯელებს. როგორც ცნობილია კომისიის სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. როგორც ლევან ბოძაშვილმა „თაიმერთან“ საუბრისას განაცხადა, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დასკვნას ხვალ დილიდან განიხილავს. ბოძაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კომისია არსებულ დასკვნას მიიღებს: „საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელზე დასკვნაც ვენეციის კომისიამ გააკეთა და რომელზეც შემდგომ პრეზიდენტმა მოახდინა ვეტო, იქნება ხვალ დილიდან განხილული. დღეს იყო ზოგადი განხილვები, განიხილეს პოლონეთის საკითხი და იყო განხილვები საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ხვალ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დასკვნას ან მიიღებს ვენეციის კომისია ან სხვა გადაწყვეტილებები დადგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასკვნა იქნება მიღებული და მიესალმება კომისია იმ პროცესებს, რომელიც განვითარდა პრეზიდენტის ვეტოს მიღების შემდგომ“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა. ცნობისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის მიწვევით კომისიის 107-ე პლენარულ სხდომას ესწრება, რომელიც 10-11 ივნისს გაიმართება. სესიაზე განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომისიის წინაშე 11 ივნისს ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაში“ის რაც ჩვენ ვნახეთ კატასრტროფა იყო,”-ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს
შემდეგი სტატიაბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერატქებში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა.