საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ სარჩელებზე განჩინება მიიღო

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების ემზარ პაქსაძისა და თამარ სადრაძის კონსტიტუციურ სარჩელებზე პარლამენტის წინააღმდეგ განჩინება მიიღო.

როგორც ,,თაიმერს” საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, კონსტიტუციურ სარჩელებში სადავო გარემოებას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულაციები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელ სასამართლო პროცესის მონაწილეს ართმევდა მისი დაჯარიმების შესახებ მოსამართლის განკარგულების გასაჩივრების უფლებას.

”მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და სადავო ნორმებით განსაზღვრული წესი წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ხსენებულ საქმეში სადავო რეგულაციების სამართლებრივი ხასიათი და მისი მიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილებით დადგენილ პრინციპებთან. სასამართლომ განსაზღვრა, რომ მიუხედავად სამოქალაქო და სისხლის საპროცესო სამართალს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებებისა, შინაარსობრივი თვალსაზრისით სადავო ნორმები ადგენდა ხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ მოწესრიგებას და, შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი საფუძვლით არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/19/1219,1236 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

დავის საგანი: ა) №1219 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის სიტყვების ,,ეს განკარგულება არ გასაჩივრდება” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ბ) №1236 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შემდეგი სტატიაგრიპის ვირუსი არ ცირკულირებს ქვეყანაში, მაგრამ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს