საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების შუამდგომლობა უგულავასა და “კაბელების” საქმის სარჩელის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა

5 საათიანი მსჯელობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხი მოსამართლის – ლალი ფაფიაშვილის, ოთარ სიჭინავას, მერაბ ტურავასა და ზაზა თავაძეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდნენ, სანამ გიორგი პაპაუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსამართლეებზე ზეწოლის და შანტაჟის შესახებ, არ იქნება გამოძიებული.

“ჩვენ ვისმჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პროცესების გადადება უფრო დიდ ზიანს მიაყენებს სასამართლოს რეპუტაციას, ვიდრე მისი ჩატარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდეს მოსამართლეების შუამდგომლობა”, – განაცხადა გიორგი პაპაუაშვილმა.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა კი დამატებით განმარტა, რომ თუ დაცვას მათი შუამდგომლობის გამო უნდობლობა აქვს სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, დააყენონ აცილების საკითხი.

“თქვენ სასამართლო ყოველთვის გაძლევთ აცილების საშუალებას, თუ გიჩნდებათ უნდობლობა ჩვენს მიმართ. ეს განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ არ მინდა ჩვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვ ქვეშ დადგეს”, – განაცხადა ფაფიაშვილმა.
არც ერთ მხარეს მოსამართლეების აცილების საკითხი არ დაუყენებია.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის გაერთიანებულ სარჩელს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიმეჭიაურის პარტია რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს
შემდეგი სტატია“თუ რუსეთის ექნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, მზად ვართ, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები”