„საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას“

ნათია მეზვრიშვილი – „საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, კანონპროექტის შესახებ, სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
„დიახ, ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.  ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი.  არ ვიცი ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოწევა უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს. მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ. არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანის მოხმარება დასაშვები არ არის. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და პირველ რიგში ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი და თუნდაც მარიხუანის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ ამ კანონპრექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი.
თუ თქვენ მეუბნებით იმას, რომ თქვენ იქ დეტალებში წახვედით, რომ აი კვადრატული მეტრებზეა საუბარი და შენობის მახასიათებლებზეა საუბარი და ასე შემდეგ. დიახ, არის საუბარი იმიტომ რომ გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების ფაქტების. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების თუნდაც მარიხუანის ხელმისაწვდომობას რა შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოთ, ნუ მაშინ საერთოდ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს.“  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
banner
წინა სტატიაში„სტერეოფონიაში ლაპარკობთ ორივე?” – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს
შემდეგი სტატიაგენერალ ქუთათელაძის შვილი – გიორგი ჭანტურია იყო პირველი, ვინც მომისამძიმრა და მაშინვე გავიფიქრე, ის ხომ არ იყო მკვლელი