საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს ნიკა მელიას სარჩელს

ნიკა მელია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს საქმეს „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

დავის საგანია მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან (საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით) და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან (პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ) მიმართებით.

სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობისას. მოსარჩელის პოზიციით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, თუმცა პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი გახნილვა 12 საათზე დაიწყება.

პარლამენტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს, 88 დეპუტატის მხარდაჭერით შეუწყვიტა.

უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას გააჩნია საკმაო რესურსი უმასპინძლოს საერთაშორისო ფორუმს და პატივი სცეს საკუთარ კანონებსაც – ვოლსკი რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლაზე
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი : ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ