საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება

საკონსტიტუციო ცვლილებები – საერთო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი ხვალიდან დაიწყება. პირველი შეხვედრა მოსახლეობასტან ზესტაფონში შედგება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პროფესიულ ჯგუფებთანაც. მთავრობა ამჯერად პრევენციული ზომების მიღებას აანონსებს:

„განხილვები იქნება, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე განხილვები იქნება თბილისის რაიონებში, შეხვედრები იქნება პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან, ასე რომ ეს ძალიან მასშტაბურ სახეს მიიღებს და ყველაფერ ამას აქვს ერთი მიზანი, რომ სწორი წარმოდგენა შევუქმნათ ჩვენს საზოგადოებას იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ევროპული საქართველო“ კვლავ პლებისციტის ჩატარებას მოითხოვს:

„რამდენი შეხვედრაც არ უნდა ჩატარდეს, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რაც შეიძლება გადავდგათ, თუკი მთავრობა დათანხმდება პლებისციტის ჩატარებას, რასაც ევროპული საქართველო ვთავაზობთ,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დამატებითი შეხვედრების გამართვით, კონკრეტულ შედეგებს არ ელოდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“:

„ეს რეალურად არის ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელსაც ხელისუფლება ხალხის ზურგს უკან აკეთებს. საკუთარი დაქირავებული ადამიანებით დარბაზებში მას უნდა შექმნას შთაბეჭდილება, საერთო სახალხო განხილვის. ეს არის სპექტაკლი და ფარსი,“ – ამბობს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშიყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული
შემდეგი სტატიადაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია