საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს არასამთავრობო სექტორი

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს არასამთავრობო სექტორი. საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღესდღეობით მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ძალიან ბევრისთვის მიუღებელია.

“იმ ვერსიაში, რომელიც დღევანდელი განხილვისთვის იყო გამოგზავნილი, ცალკეული საკითხებია, რომელშიც გათვალისწინებულია ჩვენი და სხვა აქტორების შეთავაზებები, მაგრამ არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელიც საჭიროებს გადახედვას. ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეს არის საარჩევნო სისტემა. მართალია, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, მაგრამ შემოდის სხვა მექანიზმები, რომლებიც უსამართლო უპირატესობას ანიჭებს ერთ კონკრეტულ პარტიას. ასევე, არის რამდენიმე ინსტიტუციური მნიშვნელობის საკითხი, რომელთა ისე დატოვება, როგორც დღეს შემოთავაზებულია, მიუღებელია, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრის არჩევის უფლებამოსილების გადაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.
ჩვენი კომისიაში შესვლის მიზანი, როგორც მე მესმის, იყო ის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს ცვლილებები, რომელიც მისაღებია მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდისთვის. თუ კონსტიტუციის ბოლო ვერსიის შინაარსი იქნება იმდაგვარი, რომ ჩვენს კომისიაში ჩართულობას აზრი გამოეცლება, მაშინ ამას გააკეთებს თვითონ ხელისუფლება. ჩვენ დავტოვებთ თუ არა ჯგუფს, ეს ტექნიკური ამბავია, მაგრამ თვითონ ხელისუფლების მხრიდან მოხდება იმის დადასტურება, რომ ფორმალურად მოხდა დამოუკიდებელი აქტორების ჩართვა. ამიტომ თვითონ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა და საბოლოო შედეგი იყოს კონსენსუსური და არა ისეთი, რომელიც ისედაც დაიწერებოდა ჩვენი კომისიაში ყოფნის გარეშე”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად… მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია“ – მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
შემდეგი სტატიაენმ-ს დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ჭანტურია წარადგინეს