საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი დღეს პარლამენტში პირველ შეხვედრას გამართავს.

კომისიის წევრები კონკრეტულ ცვლილებებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონსტიტუციის აღნიშნული თავის მთლიანად გადასინჯვა იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებით მიიღებენ.

“ამ ინტენსივობით თუ გაგრძელდა მუშაობა, ჩვენ ნამდვილად მოვასწრებთ იმ დაანონსებულ დროში ცვლილებების პაკეტის მომზადებას, რაც ჩვენს მიერ წინასწარ იქნა გაცხადებული. ამ თავის გადასინჯვა იგეგმება, სამუშაო ფორმატში და მიღებული იქნება ყველა საქმიანი წინადადება და დარწმუნებული ვარ, კომისიის წევრები გარკვეულ კონსენსუსამდე მივლენ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია კრიტიკულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცვლილებებს არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით გეგმავს.

„ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომ საკონსტიტუციო კომისია ისეთ ცვლილებებს შეიმუშავებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და არა ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა“, – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბიურო სხდომაზე “გაზპრომთან” დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს
შემდეგი სტატიასახელმწიფო სკანდალი – ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში