ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, დღეს დაიწყო კონსტიტუციაში ლგბტ უფლებების შემზღუდველი ნორმის შეტანის შესახებ საკონსტიტუციო განხილვები. ცვლილებების ინიციატორი მმართველი პატია „ქართული ოცნებაა“. განხილვები ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიმილით ხვდებიან.
საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ასევე – დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ბაია კვიციანი; ოპოზიციიდან კი ევროპელი სოციალისტების წევრი – ფრიდონ ინჯია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის რადიკალური ჯგუფების მხრიდან ეს კანონი მხარდაჭერილი არ იქნება, რადგან მათი ალიანსი და ამ სეგმენტჯგუფის, რომელსაც ე.წ. პიდარასტების სეგმენტი ჰქვია და წარმოადგენენ მიტინგზე ოპოზიციასთან ერთად სიყვარულს“… – თქვა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა.
ამ სიტყვით გამოსვლის დროს მამუკა მდინარაძე იღიმოდა, შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ „კორექტულები იყვნენ გამონათქვამებში“.