საკითხს უდგებიან ისე, თითქოს თავის კერძო კომპანიებში იღებდნენ თანამშრომლებს – ჯანეზაშვილი საბჭოში მიმდინარე გასაუბრებებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრების შეკითხვებს ნუნუ კვანტალიანი პასუხობს. დღეს დაგეგმილია გასაუბრება ასევე მაია კოპალეიშვილთან და შოთა ლაითაძესთან.

საბჭოს არამოსამართლე წევრები კონკურსს ფორმალურად მიიჩნევენ. ანა დოლიძე კანდიდატების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი სასამართლო სისტემაში მოღვაწეობა პრობლემის შემცველია.

„ ეს პროცესი მოსამართლეების მხრიდან თავიდან ბოლომდე ფორმალურია, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ როგორი მოსამართლეები ჰყავს ქვეყანას, ამას ხედავს მთელი საქართველო. რამდენიმე კანდიდატმა ვერ გასცა ელემენტარულ სამართლებრივ კითხვებს პასუხი, რაც პრობლემა არის არა მხოლოდ უზენაესისთვის, სადაც ეს ხალხი აპირებს წასვლას, არამედ სასამართლო სისტემისთვის, სადაც ეს ხალხი უკვე მუშაობს და ჩვენს ბედს განსჯის,“- განაცხადა დოლიძემ.

მეორე არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კომისიის წევრები მობილიზებულები მხოლოდ იმ კანდიდატებთან მიმართებაში არიან, რომლებიც მათ ფავორიტებს წარმოადგენენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების დამოკიდებულება პროცესისადმი არის არაჯანსაღი, არასერიოზული, ზედაპირული, მხოლოდ და მხოლოდ იმ კანდიდატებთან მიმართებაში არიან მობილიზებულები, რომლებიც მათი, ასე ვთქვათ, ფავორიტები არიან და ჩანს, რომ ისინი არიან გარკვეულწილად შეთანხმებულები და მე არ მომწონს ის, რომ მაგალითად, საბჭოს წევრები საკითხს უდგებიან როგორც საქმოსნები, თითქოს ისინი თავის კერძო კომპანიებში იღებდნენ თანამშრომლებს,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების შესაძლო დევნას, “აბსურდად” მოიხსენიებს
შემდეგი სტატიასვანეთში ძლიერი სტიქიაა (Foto)