,,საკითხი გამოძიების პრეროგატივაა”-ცქიტიშვილის მადლობა “სუს-ს”

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (სუს) და სამართალდამცავ უწყებებს მადლობას უხდის.

როგორც ცქიტიშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, ეს საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო როგორც სუს-ს, ასევე ჩვენი ძალოვანი სექტორის წარმომადგენლებს, რათა არამარტო დანაშაულებრივი ქმედებების დასჯით არიან დაკავებული, არამედ პრევენციული ხასიათის ქმედებებითაც.

ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად დანაშაულის პრევენცია მოხდა. რაც შეეხება დანარჩენ ქმედებას, ეს გამოძიების პრეროგატივაა. ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და სწორედ ამ პროცესში მოხდა ამ კონკრეტული ქმედებების აღკვეთა. შემდეგი რეაგირებაც საგამოძიებო ქმედებების პრეროგატივაა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ჩვენი ძალოვანი სექტორი შესაბამის პროფესიონალიზმს ავლენს ამ საფრთხეებთან ბრძოლასა და მის პრევენციაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე – ფაქტი ერთია, მოხდა პრევენცია, რასაც შედეგი არ მოჰყვა