“საყოველთაო სიცრუის პირობებში, სიმართლის ლაპარაკი ექსტრემიზმია”! ჩემი მხარდაჭერა ბატონ გოჩა ბარნოვს!

მორიგი რეპრესიული ნაბიჯი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან. ამჯერად მისი სამიზნე ყველასათვის ცნობილი თეოლოგი გოჩა ბარნოვი გახდა, რომელსაც სისტემა ვერ პატიობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მხარდაჭერას და ახალგაზრდა სტუდენტების ხელშეწყობას, რომელნიც მისი რეკომენდაციით საზღვარგარეთულ (თან არა რუსულ) სასწავლებლებში საღვთისმეტყველო ცოდნას იმაღლებენ.

არახალია და ამაზე ყველა თანხმდება, რომ თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში საბჭოთა ნომენკლატურისათვის დამახასიათებელი რეჟიმი, ცენზურა და იდეოლოგიზებული მდგენელი არსებობს, სადაც ადამიანი არ მიიჩნევა პიროვნებად. შესაბამისად ყველა ვინც თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონეა, ვინც მორჩილებას მონობასთან არ აიგივებს, ვინც არ არის პრორუსული ორიენტაციის, ვინც დამოუკიდებელი ინტელექტუალია, ვინც უბრალოდ პროფესიული კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი მოქალაქეობის პრიზმიდან მსჯელობს, ვისაც უბრალოდ განსხვავებული აზრი და პოზიცია გააჩნია – ყველას სტიგმატიზება, დევნა-შევიწროვება და “კუჭკუჭის სასამართლოზე” გასამართლება იწყება! ცხადია, მოსამართლის ბულა არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება. უცდომელობის პრიმატის მქონე ნეოჩუდეცკი ისტეროიდულად ცხარდება, როცა ბედნიერ, კვალიფიციურ და ღირსეულ ადამიანს აწყდება. ასე ხდება თეოლოგ გოჩა ბარნოვის სასწავლებლიდან დათხოვის შემთხვევაშიც, რისი ვერდიქტიც სარკოდინელთა კლასის წარმომადგენელ მსაჯულებს, კერძოდ კი მამა ქალამანას, მამა ფოსტალასა და პროფესორ ამებას გამოუტანიათ. მიზეზი რაღა თქმა უნდა არარელევანტური და უსაფუძვლოა!

სადამსჯელო ღონისძიება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება:
1) არავინ გაბედოს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭიროს;
2) არავინ იფიქროს, რომ თავისუფალი აზრის გამოთქმის შემთხვევაში ვინმეს რამე შერჩება;
3) ნიჭიერი ადამიანები, ინიციატივიანი პედაგოგები და კონსტანტინეპოლთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ყველა პირი აუცილებლად დაისჯება!

მართალი იყო ბალზაკი, როცა ამბობდა: “იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული – სიმახინჯედ ითვლება”! პერესტროიკა და გლასნოსტი უკვე მომხდარია, ახლა საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლის მოლოდინში ვართ, რაც უკვე გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია. თიხის ფეხებიანი კერპი აუცილებლად დაიმსხვრევა!

“ურჩ თეოლოგს” კი მეგობრულად შევახსენებ ჯორჯ ორუელის სიტყვებს: “საყოველთაო სიცრუის პირობებში, სიმართლის ლაპარაკი ექსტრემიზმია”! ჩემი მხარდაჭერა ბატონ გოჩა ბარნოვს! Gocha Barnovi

 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიგოჩა ბარნოვი: მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: იწყება გუნდის გადაყვანა მრევლის მდგომარეობაში