სახლში ადამიანი შემოგივარდა და თურმე არ უნდა გააღიზიანო, წყნარად უნდა იყო – სასულიერო პირები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ და აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სიწმინდეების იარაღით დაცვა და ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

სასულიერო პირები ჩიჩხატურის მონასტერთან ავლებენ პარალელს, როცა წლების წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა პრეტენზია მის კუთვნილებაზე და დღემდე იქ შესვლას ქართველი მომლოცველები და ტურისტები ვერ ახერხებენ. სასულიერო პირებს ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს.

„ვცდილობდით, რომ დაგვეცვა მონასტერი, მაგრამ შემდეგ თბილისიდან ყველამ დარეკა, ვინც კი იყო მგონი, მაშინ მთავრობაში, გვთხოვდნენ, რომ ჩამოვსულიყავით, რომ არ გაგვერთულებინა სიტუაცია, არ გამოგვეწვია პროვოკაცია, არ გაგვეღიზიანებინა. ისეთი ლაპარაკი იყო, რაც დღეს მიმდინარეობს, როდესაც გუშინაც განაცხადეს, რომ ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი. სახლში ადამიანი შემოგივარდა და თურმე ის არ უნდა გააღიზიანო, შენ წყნარად უნდა იყო. ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი, ჩვენ მაშინ დავთანხმდით, ჩამოვედით, დადგა იქ პოსტი და როგორც მაშინ დადგა, იმის შემდეგ, აგერ უკვე 15 წელია, დგანან იქ და არავის აძლევენ უფლებას გადავიდნენ მეორე მხარეს და კოშკთან მისვლაც პრობლემაა,“ – ამბობს დავით გარეჯში მყოფი ერთ-ერთი სასულიერო პირი.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

banner
წინა სტატიაში“ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო” – ახალი დეტალები ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე
შემდეგი სტატიასაზოგადოება უნდა ჩამოვიდეს დავით გარეჯში, დადგეს და არ გაატაროს არავინ, ბუნებრივია, ვგულისხმობ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს – ქაცარავა