სახლიდან გამოსვლის წინ ნინომ მითხრა, ისე გააკეთე, რომ ვისაც შენი გამოსვლა მოეწონება, რამე დაიმახსოვროს და ვისაც არ მოეწონება, გაუხარდეს, რომ მალე მორჩიო

მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა მხარდამჭერებმა, პარტიის წევრებმა, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული და ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული რეფორმატული ქვეყანა, რომელსაც სრულიად ახლებური და ეფექტური ინსტიტუციები ჰქონდა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-8 ყრილობაზე განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათი დამსახურებაა ქვეყანაში საშუალო კლასისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა.

„სახლიდან გამოსვლის წინ ნინომ მითხრა, ისე გააკეთე, რომ ვისაც შენი გამოსვლა მოეწონება, რამე დაიმახსოვროს და ვისაც არ მოეწონება, გაუხარდეს, რომ მალე მორჩიო. მივესალმები ჩვენს დიდი ოჯახს, რადგან ჩვენ ოჯახი ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს იმედით უყურებს და ელოდება, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარებისა და წარმატების გზაზე.

2012 წლის დეკემბერში ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, ამ პარტიის წევრებმა, დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული რეფორმატული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური და ეფექტური ინსტიტუციები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჩვენი მხარდამჭერების ინიციატივითა და ახალი ქვეყნებით ეს ქვეყანა გადააქციეს თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ ხალხმა შეძლო და ამ ხალხის მონაპოვარია ქვეყანაში საშუალო კლასისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა, წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ჩვენს მოკავშირეებად გადაქცევა, ჰიმნი, დროშა, ბიუჯეტი, პოლიცია, არმია, განათლების გაწმენდა კორუფციისგან და განათლების სრულიად ახლებური სისტემა.

დიდი მადლობა მეგობრებო და იცოდეთ, ჩვენ ამ გზას განვაახლებთ. კვლავ დავაბრუნებთ საქართველოს ამ გზაზე. ამ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე. მიშას ამისთვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი არ სჭირდება. პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა. ამიტომ ტაში დავუკრათ მას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ნიკა გვარამიას სკანდალური ფეისბუქ ლაივი- ქვეყანაში არის სრული “კანალიზაცია”!
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის