სახალხო დამცველი: სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი ბალდაში სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად

“მოსახლეობა და აქტივისტები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თვეების განმავლობაში აპროტესტებენ, მათ შორის, სოფელ ბალდის კანიონთან პროტესტის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარავი.

სამწუხაროდ, ისედაც დაძაბული ვითარება უკანასკნელ დღეებში უკიდურესად გამწვავდა. 11 ივნისის საღამოს კარავში მყოფებს შეიარაღებულნი პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად კარავში მყოფი ორი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. მოქალაქეების განმარტებით, თავდასხმის მომენტში კარავში არასრულწლოვანებიც იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, თავდამსხმელები ამ დროისათვის დაკავებულები არიან. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, თავდამსხმელები ბალდის კანიონზე დაგეგმილი პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მხარდამჭერები იყვნენ. ასევე, 12 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შესახებ.
სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს. ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შეხვედრის მოსახლეობისთვის სასურველი ფორმატი და ხელი შეუწყონ ნდობაზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს”,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი საბერძნეთში კონცერტს გამართავს
შემდეგი სტატიადიმიტრი ჩიქოვანი: „არცერთი ძალოვანი უწყება დღეს საქართველოში ხალხს არ ემსახურება, ისინი არიან „ოცნების“ დაქირავებული „ტიტუშკები