სახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერილს ავრცელებენ

სახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილს ავრცელებენ.

გავრცელებულ განცხადებაში სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კინოცენტრში განვითარებული მოვლენები საშიშია არამხოლოდ ქართული კინოს განვითარებისთვის, არამედ პირდაპირ გვაყენებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის წინაშე.

“მთავარი არხის” ვებგვერდი განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“ჩვენ ვართ საქართველოს უნივერსიტეტების სახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც სულ მალე ვიმუშავებთ ამ ქვეყნის სახელოვნებო ინდუსტრიებში.

ჩვენ ვართ თავისუფალი თაობა, ახალგაზრდები, რომელთათვისაც ეს ცნება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გვაშფოთებს და მოქმედებისკენ გვიბიძგებს ჩვენი შემოქდებითი თავისუფლების დაკარგვის საფრთხე, ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარების შებოჭვის საშიშროება.

ვგმობთ დღეს კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რადგან ეს საშიშია არამხოლოდ ქართული კინოს განვითარებისთვის, არამედ პირდაპირ გვაყენებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის წინაშე.

ბოლო წლებში ქართული კინო ევროპული და მსოფლიო სცენის ყურადღების ეპიცენტრშია. კინოცენტრი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოს აფინანსებს, შესაბამისად, მისი წვლილი ამ პროცესში უდიდესია.

ჩვენ ცხადად ვიაზრებთ, რამდენად რთულია საქართველოში ვაკეთოთ ჩვენი საქმე, თუმცა ყველა მოსალოდნელი ფინანსური თუ სხვა ტიპის დაბრკოლების მიუხედავად, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო, მაინც ავირჩიეთ ეს პროფესიები. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ თანამედროვე ქართული კინოსა და კულტურის წარმატების პროცესში.

დამოუკიდებელი კინოცენტრის არარსებობა საფრთხეს გვიქმნის ჩვენ, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებსაც გულწრფელობითა და ენთუზიაზმით გვინდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენს ქვეყანაში.

ახლა ქართული კინო საფრთხეშია!

ვითხოვთ კინოცენტრის დამოუკიდებლობას!

ვითხოვთ გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ პროცესებს!

გავერთიანდეთ ყველა კინოსთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიალასანია – სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია, მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, რადგან დამატებით ნერვები არ ავუშალო
შემდეგი სტატიაროცა ავტორიტარული რეჟიმები თვლიან რომ უჭირთ, ასეთი ამაზრზენი საქციელი ინტენსიური ხდება- ბოკერია თავდასხმებზე