“სახელმწიფოში მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობაა” – ვოლსკი ჭიჭინაძის გარიცხვაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და ვიცე სპიკერი გია ვოლსკი პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას, მმართველი გუნდის სტაბილურობით ხსნის. ვოლსკი ამბობს, რომ პიროვნულად ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა.
„იმის წარმოჩენის მცდელობა იქნება, რომ ეს არის გაფრთხილება და დემარში. ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია. ეს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” არ ეხება. ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესებში სტაბილურობა ნომერ პირველი ამოცანაა. დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ. ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებით და პრინციპებით წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც გუნდის შეხედულებები ჰქვია, თუნდაც სტაბილურობის ინტერესი, პარტიამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. არაფერზე არ გავბრაზებულვარ, არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს. საქმე სწორედ ამასთან გვაქვს. ოფიციალური გაფრთხილება და პირად საქმეში შეტანით არ ყოფილა. მას ამ თემებზე საუბარი უმრავლესობის ლიდერთან ჰქონდა. არის შეხედულებები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. საუბარი თავისუფლების შეზღუდვაზე არ არის, ლაპარაკია პრინციპების განსხვავებაზე. სახელმწიფოში მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობის შენარჩუნებაა. უამრავი ფორმატია, სადაც შეგვიძლია, ჩვენი განსხვავებული აზრები ერთმანეთს დავუპირისპიროთ და საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი სიმწვავით ვიკამათოთ, მაგრამ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმები არსებობს, რასაც პარტია თავის წევრისგან მოითხოვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბატონ დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მედიიდან შევიტყვე – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : ჭიჭინაძე არღვევდა პარტიულ დისციპლინას და შეურაცხყოფას აყენებდა გუნდის წევრებს