სახელმწიფოს გრიფირებული სახელმძღვანელოები წელს 13,4 მლნ ლარი დაუჯდება. შესაბამისი ორი ტენდერი შესყიდვების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. კერძოდ, ერთი ტენდერის მიხედვით, იგეგმება 7.4 მლნ ლარის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნები და დამხმარე სასწავლო მასალა) შესყიდვა, მეორე ტენდერით კი 5,9 მლნ ლარის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რვეულების შესყიდვა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯამში დაგეგმილია 1 740 200 ცალი სხვადასხვა კლასის და საგნის სახელმძღვანელო წიგნის და 2 249 919 ცალი რვეულის ბეჭდვა.
ორივე ტენდერის შემთხვევაში, წინადადებების მიღება დაიწყება 18 მარტს და დასრულდება 19 მარტს.
მიმწოდებელი ვალდებულია ბეჭდვის შემდეგ, წიგნები და რვეულები საგანმანათლებლო რესურსცენტრებს და ქ. თბილისში საჯარო სკოლებს მიაწოდოს ეტაპობრივად, 2026 წლის 20 ივნისიდან 2026 წლის 1 აგვისტომდე.
ცნობისთვის, ზოგადი განათლების შესახებ კანონში გასულ თვეს შეტანილი ცვლილებების თანახმად, განათლების სამინისტრო შექმნის ყველა საგნის და კლასის სახელმძღვანელოს, რომელიც იქნება ყველასთვის ერთი, რაც სკოლებს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. თუმცა, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ეს პროცესი 2028 წლისთვის დასრულდება. წლევანდელი ტენდერით კი გათვალისწინებულია სხვადასხვა გამომცემლობების მიერ დაწერილი სახელმძღვანელოების ბეჭდვა და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის უფასოდ მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ყოველწლიურად ყველა საგანში სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უფასოდ 2013 წლიდან უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო და მიზეზად მოსწავლეების ოჯახების ფინანსური ტვირთის შემსუბუქება დაასახელა.

















