სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 12, 2018 10:56

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომლის მოთხოვნების თანახმად, კომპანიას ოთხი ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, საერთო ღირებულებით 546 882 ლარი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს. ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საერთო ჯამში 143 451 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, რითაც ხელი შეუწყო ბრალდებულების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 12, 2018 10:56