სახელმწიფომ ვახუშტი მენაბდის სასარგებლოდ 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

საქართველოს სახელმწიფომ, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის სასარგებლოდ 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო.
საქმე ეხება სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე დროებით იქნა დაკავებული. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქმის “ვახუშტი მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ” განხილვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ვახუშტი მენაბდის წინააღმდეგ უფლებების დარღვევა აღიარა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თავად მენაბდემ განუცხადა, სახელმწიფომ საქმის გამოძიების ვალდებულება აიღო და თუ ის არ შესრულდება, სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას გააგრძელებს.
“ჩვენ ვდაობდით, ერთი მხრივ იმას, რომ 2009 წლის 15 ივნისს განხორიცელდა არასათანადო მოპყრობა და უკანონო დაკავება. მაშინ ბევრი სარჩელი შევიდა, ერთ-ერთი იყო ჩემი სარჩელი. ეს იყო ბოლო სარჩელი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა. მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობდით იმას, რომ ერთია, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა ეს და მეორეა, რომ არ გამოიძია. ეს გამოუძიებლობა დღემდე გრძელდება. სახელმწიფომ განაცხადა, რომ ის აღიარებს როგორც არასათანადო მოპყრობას, ისე უკანონო დაკავებას და იკისრა კომპენსაციის გადახდა. გარდა ამისა, თავი დაივალდებულა გამოძიებით. სასამართლომ მიიღო სახელმწიფოს ეს პირობა, გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, დაამტკიცა ეს პირობები, ოღონდ სახელმწიფოს მისცა გაფრთხილება, რომ თუ ის არ გამოძიებს, ეს საქმე, რომელიც შეწყდა ამ გადაწყვეტილებით, კვლავ განახლდება და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოუწევს თავის მართლება და კომპენსაციის გადახდა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მისი თქმით, კონკრეტული ვადები რაც საქართველოს სახელმწიფოს საქმის გამოძიებისთვის მიეცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ეს გონივრული ვადა უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს მოამზადებს
შემდეგი სტატიარუსული სამყარო (“Русский мир”): ექსკლუზიური ვიდეო – დანაშაული, როგორც გასართობი რუსეთის სამხედროებისთვის