სახელმწიფო ვერ იცავს დაუცველი ჯგუფების უფლებებს – ომბუდსმენის რეკომენდაციები პროკურატურასა და შსს-ს

სახალხო დამცველმა სამართალდამცველთა ვალდებულებებისა და დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში შეფასებულია 2015-2020 წლებში, მათ შორის იეჰოვას მოწმეებისა და ლგბტ+ თემის წევრების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ეფექტურობა. ასევე ბოლო წლებში ლგბტ+ თემის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებისა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვასა და ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ პრევენციული ღონისძიებები არასაკმარისია, ხშირ შემთხვევაში კი შესაბამისი უწყებების ხედვა და პოლიტიკა, დაუცველ ჯგუფთა უფლებათა დაცვის კუთხით, ბუნდოვანია.

ამას გარდა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები პოლიტიკურ ასპარეზზე განხილვის საგანი მხოლოდ წლის კონკრეტულ პერიოდში ხდება. ამასთან, შესაბამისი უწყებები ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და მშვიდობიანად შეკრების მსურველ ლგბტ+ თემის წევრებს ერთ სიბრტყეში აქცევს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების ლიდერებისა და წევრების კანონდარღვევაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება არ ხდება, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს აჩენს.

სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით მიმართავს:

საქართველოს გენერალურ პროკურორს:

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გაგრძელდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება;
აწარმოოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი დანაშაულის გამომწვევი რისკ-ფაქტორებისა და მისი გამოვლენის ხელის შემშლელი გარემოებების ჩათვლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

არსებულ საგამოძიებო სისტემაში ჩამოყალიბდეს სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და ეფექტიანი გამოძიება იქნება;
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გაგრძელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება;
აწარმოოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი დანაშაულის გამომწვევი რისკ-ფაქტორებისა და მისი გამოვლენის ხელისშემშლელი გარემოებების ჩათვლით;
ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, მომავალში გააკეთოს არაორაზროვანი და მკაფიო განცხადებები;
გაატაროს ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დასაცავად;
ეფექტიანად გამოიძიოს 2019 წლის 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტები, ასევე, ლევან ვასაძის განცხადებების კანონშესაბამისობა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ჯერჯერობით ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს ორჯერადი ვაქცინაცია არ უღიარებიათ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე კომენდანტზე – ოქროს შუალედი მოიძებნა