13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება

სუს-მა დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ბრალდებულმა სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით.

ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.

მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაკერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება