21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

xr:d:DAFn2OH0Gis:4,j:630899612523345366,t:23070610

სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა. ერთი უცხო ქვეყნის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.

მაღრაძის განმარტებით, დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდნენ და ერთგულების ფიცი დადეს. ამასთან, ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო, ასევე წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სისტემის საიმედო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის ის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის