სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები – ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.

ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიჯორჯიის შტატის პროკურორმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმე შეწყვიტა
შემდეგი სტატიასელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია