სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური
შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს
განყოფილების უფროსი გიორგი გ. და ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო
ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირი“-ს ხელმძღვანელი მიხეილ გ.
დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. და მიხეილ გ. საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს – ლ.ს-ს, ქ. თელავში, სამხედრო
ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და
შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით
4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

2018 წლის 27 ივნისს, მიხეილ გ-მ, გიორგი გ-სთან წინასწარი შეთანხმებით,
ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ – ,,ლილო-მოლის“
მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით
მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29
ივნისს – თანხის დარჩენილი ნაწილი – 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის
სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა დააკავეს. იმავე დღეს ბრალდებულის სახით გიორგი გ-ც
დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ექვსი თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა
შემდეგი სტატიამოსალოდნელი განსაკუთრებული სიცხეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა