,,სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად… მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია“ – მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

„სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარე, ნიკა მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ განცხადება მაჭუტაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:

,,საქართველოში მიმდინარე ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არა კონსტიტუციის, როგორც მთავარი დოკუმენტის დახვეწა, მისი დამკვიდრება, როგორც ხელუხლებელ ღირებულებათა კრებულისა, არა მეტი კონსტიტუციური გარანტიის შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ მისი მთავარი მიზანი არის არაფორმალური მმართველობის განვრცობა სახელმწიფო – დემოკრატიული ინსტიტუტების შთანთქმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების მოსპობის ხარჯზე. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით:

1. უქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესი

2. საქართველოს მოქალაქეები განიძარცვებიან ქართული სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებისაგან.

3. უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო.

4. ხელისუფლება მიიტაცებს იმ ხმებსაც, რომელიც მას არჩევნებზე არ მიუღია – ანუ გაუნაწილებელი ხმები სრულად მიაქვს ხელისუფლებას.

5. პრეზიდენტს ჩამოერთმევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა.

6. შეკვეცილია მისი, როგორც მთავარსარდლის ფუნქცია გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად. კომისიაში წარმოდგენილ უმრავლესობას არ ესმის საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე და ურყევი პოზიცია. მას გადაწყვეტილი აქვს, ქართველი ხალხის ნების ნაცვლად კონსტიტუციაში ასახოს მმართველი პარტიის ვიწრო პოლიტიკური და ბატონი ივანიშვილის პირადი ინტერესები. ამით ისპობა კონსტიტუცია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური შეთანხმება თანაცხოვრებისა და სახელმწიფოს როგორობის შესახებ. ამიტომაც ვაცხადებ, მე ვტოვებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ვიწყებთ კონსტიტუციურ მოძრაობას ქართული კონსტიტუციის დასაცავად, მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს საკონსტიტუციო კომისიაში, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული წესრიგი და ღირებულებები, გაემიჯნონ კომისიას და არ მიიღონ მონაწილეობა ფარსში. ხელისუფლება უნდა დარჩეს მარტო თავის ანტიდემოკრატიულ ვნებებთან. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია კონსტიტუციური რეფორმის სახელით. ეს არის დაუშვებელი და ქართული საზოგადოებრიობა, როგორც დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ამას არ დაუშვებს. ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციას და დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას” – აცხადებს მაჭუტაძე.

https://youtu.be/c7DcvVvEYmQ

 

banner
წინა სტატიაში“ძალიან ცუდ კონსტიტუციას, ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით”-კობახიძე
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს არასამთავრობო სექტორი