სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენისას მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს. კომიტეტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება. „ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში. აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომელიც უშუალოდ ასრულებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას სისტემური დანაშაულის დროს“, -აღნიშნა მომხსენებელმა. ანრი ოხანაშვილმა გამოხატა იმედი, რომ კანონპროექტს ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა. „მინისტრთა კომიტეტს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, რომ საქართველომ მოახდინა გირგვლიანის საქმეზე ერთგვარი საკანონმდებლო რეაქცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა ჰპოვა სისტემური დანაშაულის მუხლებმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ თანმდევ პაკეტთან ერთად პარლამენტის წევრმა, ბიძინა გეგიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სპორტული გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება და მათთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება „ დღეის მდგომარეობით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღრიცხულია 550-ზე მეტი სპორტული ობიექტი, რომელიც საჭიროებს შენარჩუნებას და ასევე განვითარებას ჯანსაღ გარემოში, სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სარეკრიაციო ტერიტორიებისა და სპორტული ტერიტორიების, ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა და ამავე დროს მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა“, -განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ეს არის ცალსახად დადებითი პროექტი იმ კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული ადგილია საჭირო საქართველოში განსაკუთრებით თბილისში.

დღესვე განიხილეს პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი სირთულეებს აღმოფხვრის. მისი მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისას ჩართული ყველა პროფესიის წარმომადგენლის მიერ ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა ამ ნორმათა უფრო ნათლად ჩამოყალიბების გზით. კანონპროქტის მიზანია აგრეთვე, ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ნორმების ცვლილება. „კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარება არასრულწლოვანი მოწმის გარდა, ასევე გათვალისწინებულია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირისთვისაც. ამასთან, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების დანიშვნის საფუძვლებს ემატება შემთხვევები, როცა არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს, მოწმეს ეძლევა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომიტეტმა განიხილა სამი ხელშეკრულება: საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების („დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ .

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.

banner
წინა სტატიაშინატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება