სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სამი მოქალაქის დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას.

პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს.

საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტისა და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი „AstraZeneca“-ს ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა