„სახელმწიფო იქცა სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა” – სამოქალაქო აქტივისტები შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ

შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მწვავე ფორმით გაგრძელდება – ასეთია იმ საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილება, ვისი ორგანიზებითაც გუშინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური მსვლელობა გაიმართა.

გუშინ აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, თუმცა ჯერჯერობით სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის. ის პირები, ვინც აქციაზე დააკავეს, ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

დაკავებულებს შორის იყო კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე. მისი შეფასებით, სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა.

„სახელმწიფო იქცა თანამზრახველად ამ სიკვდილის მანქანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწირავს, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს. ადამიანები მიდიან სამსახურში და ვეღარ ბრუნდებიან. დღეს ყველაზე სახიფათო საქმიანობა არის შრომა. სახელმწიფოს სურს, დაანახოს საკუთარი ქმედითობა, რომ მას შეუძლია წესრიგის დაცვა, მაგრამ მას სინამდვილეში არაფერი არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით დაგვაკავონ, დააკავონ ის ადამიანები, ვინც სიმართლეს იტყვის,“ – განაცხადა ვახუშტი მენაბდე.

გუშინ გამართული მსვლელობის დროს დაკავებულებს შორის იყო „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი, დავით სუბელიანიც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სამშენებლო სამუშაოების დროს მუშების დაღუპვა ადასტურებს, რომ თბილისი სიკვდილის ქალაქად იქცა.

„როდესაც რაღაც მტკივნეული ხდება, ხალხი გამოდის ქუჩაში. თუ უნდა, რომ გადაკეტონ ქუჩა, მიეცით საშუალება, რომ გადაკეტონ. ეს არ არის ისეთი დისკომფორტი საზოგადოებისთვის, რაც იქმნება ამ დაძაბულობის ფონზე. დაძაბულობა რის პასუხი, ეს არ არის კანონის აღსრულება, ეს არის მცდელობა, რომ პროტესტი შეაკავოს,“ – განაცხადა დავით სუბელიანმა.

ვაკეში, ჭავაჭავაძეზე სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ორ მუშას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიქურდობის ფაქტების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – შს მინისტრი კრიმინალურ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენს, არჩევნებში ტრამპის მთავარ კონკურენტს, ბინძურ საქციელში დასდეს ბრალი