სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში კანონდარღვევით აუდიოჩაწერის ფაქტი გამოავლინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში აუდიოჩაწერის კანონიერება შეისწავლა. შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სააფთიაქო ქსელის 279 ფილიალში, ვიდეოთვალთვალთან ერთად აუდიოჩაწერა კანონდარღვევით მიმდინარეობდა – უწყვეტად იწერებოდა და მონიტორინგს ექვემდებარებოდა როგორც თანამშრომლებსა და მომხმარებლებს, ასევე, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუდიოჩაწერა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა სააფთიაქო ქსელის სავაჭრო დარბაზის მთლიან შიდა პერიმეტრზე, მომსახურების დახლთან და ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან დამონტაჟებული მიკროფონების მეშვეობით.

„სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიოჩაწერის მიზნად დასაქმებული პირების მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგი, მათ მიმართ წახალისების ან დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება, ასევე, მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვა და გადაწყვეტა დასახელდა. სააფთიაქო ქსელის განმარტებით, აუდიოჩაწერა მიმდინარეობდა პირთა თანხმობით – მოქალაქეები აუდიოჩაწერის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ აფთიაქების შესასვლელ კარზე განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო სააფთიაქო ქსელში დასაქმებულ პირებს, აღნიშნულზე წერილობით ჰქონდათ თანხმობა გაცხადებული. მათივე განმარტებით, აუდიომონიტორინგის შეწყვეტის მოთხოვნით ამ ეტაპამდე არც დასაქმებულს და არც რომელიმე მომხმარებელს მიუმართავს. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში სააფთიაქო ქსელის ყველა ფილიალში აუდიოჩაწერა შეჩერდებოდა.

გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტის შეძენისას ან/და ფარმაცევტის მიერ კონსულტაციის გაწევისას, სააფთიაქო ქსელს შესაძლებლობა ეძლევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მოიპოვოს ინფორმაცია მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ აუდიომონიტორინგი თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგის ადვილად ხელმისაწვდომი მეთოდია, მონაცემთა დამმუშავებელს არ აძლევს ადამიანთა პირად ცხოვრებაში არაპროპორციული ჩარევის ხარჯზე მისი გამოყენების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სააფთიაქო ქსელის არგუმენტები და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აუდიოჩაწერა არ იყო კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელი და ადეკვატური საშუალება. შესაბამისად, სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიოჩაწერა წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მონაცემთა სუბიექტების პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მონაცემთა დამუშავების პროპორციულობის პრინციპს.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: სავაჭრო დარბაზი, სადაც მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა აუდიომონიტორინგი, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებისთვის წარმოადგენდა მუდმივ სამუშაო ადგილს, სადაც თანამშრომლები როგორც წესი ახორციელებენ როგორც სამსახურებრივ, ისე არასამსახურებრივ აქტივობებს (მაგალითად, შესვენების დროს პასუხობენ პირად სატელეფონო ზარებს, აქვთ არასამსახურებრივი კომუნიკაცია მესამე პირებთან, კოლეგებთან), რისი მონიტორინგის კანონიერი ინტერესი სააფთიაქო ქსელს არ ჰქონდა. ამასთან, აფთიაქში მომხმარებლების არყოფნის დროს, არ არსებობს სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიოჩაწერის დასახელებული მიზნები;
მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნის მიღწევა სააფთიაქო ქსელში შესაძლებელი იყო დასაქმებულთა და მომხმარებელთა მონაცემების ნაკლები მოცულობით დამუშავებისა და მათ პირად ცხოვრებაში ნაკლები ჩარევის გზით (მაგალითად, ცხელი ხაზისა თუ წერილობითი/ელექტრონული ფორმით მიღებული პრეტენზიების შესწავლის და მათზე რეაგირების გზით, ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ე.წ. „მისტიური მომხმარებლის“ გამოყენებით).

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ამავე სააფთიაქო ქსელს – ფილიალებში აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელებისთვის – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2015 წელსაც დააკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომაც გაიზიარა და სააფთიაქო ქსელს აუდიოჩაწერის შეწყვეტა დაევალა. მიცემული დავალება სააფთიაქო ქსელის მიერ შესრულდა, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ორგანიზაციამ კვლავ განაახლა კანონდარღვევით აუდიოჩაწერა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სააფთიაქო ქსელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. ასევე, მას დაევალა ყველა ფილიალში აუდიოჩაწერის შეწყვეტა და აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის სრულად განადგურება“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას გაურკვეველმა პირებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიანაყოფია სააკაშვილზე: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა