„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ბიუროს ხვალ წარედგინება

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის ტერმინის შემოღება ხდება, რაც იმგვარად განიმარტა, რომ მასში მოიაზრებიან როგორც გამომძიებლები, ასევე გამომძიებლის სტატუსის არ მქონე პირები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას განახორციელებენ.

ასევე, პროექტით, დაკონკრეტდა „გამომძიებლის“ სტატუსის მქონე პირთა წრე. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად მიიჩნევა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი.

„ამგვარი ტერმინების შემოღება აუცილებელია, ვინაიდან, ამჟამად მოქმედი კანონის რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი პირების არსებობის შესაძლებლობას. ასევე, კანონის მოქმედი რედაქცია არ იძლევა გამომძიებელთა დონეების მიხედვით დიფერენცირების შესაძლებლობას და გამომძიებლის სტატუსს არ ანიჭებს საგამოძიებო დანაყოფში მენეჯერის თანამდებობაზე მყოფ პირებს, მაშინ, როცა ისინი მათთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულების მიზნით გამომძიებლის კვალიფიკაციისა და სტატუსის მქონე პირები უნდა იყვნენ”, – განმარტავენ ცვლილებების ავტორები.

კანონპროექტის ინიციატორები ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია არიან.

banner
წინა სტატიაში„მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი” – ივანე მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია “იმედს” და “რუსთავი 2”-ს დავალიანების გადახდას სთხოვს