სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად

მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა „ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული“.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს: მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, გამოძიებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერება, ექსპერტიზების დანიშვნა და ა.შ.
გამოძიების წარმოების პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი პატივი, ღირსება და უსაფრთხოება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში) გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის შემდგომ, დაუყოვნებლივ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (2021 წლის 11 ნოემბერს) წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტის არარსებობაზე და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ბოლო ანგარიშშია მითითებული – „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული პროცესის მონაწილეთა დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება” (გვერდი 194).

მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წინა სტატიაშიელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს, მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს
შემდეგი სტატიაიოსელიანი – ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევს