სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს – სალაძე კონკრეტული კანდიდატისთვის შერჩეულ კრიტერიუმებზე საუბრობს

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს, -ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საიას მიაჩნია, რომ ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის დროს კომისიამ დებულებით განსაზღვრული წესი დაარღვია.

„კომისიის დებულება განსაზღვრავდა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის სამოტივაციო წერილის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, კომისიის დებულებაში, ნათლად და მკაფიოდ ეწერა, რომ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო – კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ”,- განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების სამოტივაციო წერილში ასახვა ისეთივე ვალდებულება იყო, როგორც დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარმოდგენა.

„შესაბამისად, კომისიას გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი/კანდიდატები უნდა გადაეყვანა, ვინც სრულად აკმაყოფილებდა დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის სამოტივაციო წერილის ნაწილში. კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველ ეტაპზე 48 პირმა გამოხატა, კომისიის დებულების შესაბამისად მომზადებული სამოტივაციო წერილი კი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დებულების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე – გასაუბრება, მოწვეული იყო არა ერთი, არამედ 7 კანდიდატი (გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა). კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება 2019 წლის 1 ივნისს ჩაატარა”,- განაცხადა სალაძემ.

სალაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ორმა წევრმა (მათ შორის, საიას თავმჯდომარემ), გასაუბრების ეტაპზე, კონკრეტული პირების მოწვევამდე, კომისიას არაერთხელ სთხოვეს დებულების დაცვა, კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დებულება მაინც დაირღვა და კომისიამ, ერთის ნაცვლად გასაუბრება 5 პირთან ჩაატარა.

„ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია დებულების შესაბამისად იმოქმედებდა და გასაუბრებაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს დაიბარებდა, საჭირო გახდებოდა ხელახალი კონკურსის ჩატარება (სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის თანახმად, კომისიამ პრემიერ-მინისტრის არანაკლებ 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს). სავარაუდოდ, სწორედ ხელახალი კონკურსის ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იყო მოწვეული გასაუბრებაზე დანარჩენი კანდიდატები, საიდანაც საბოლოოდ ორი კანდიდატი წარედგინა პრემიერ-მინისტრს (პრემიერმა კანდიდატები პარლამენტს უკვე წარუდგინა)”,- განაცხადა სალაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია 3 ივნისს წარუდგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა
შემდეგი სტატიაჩაქვთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა