სახელმწიფო ინსპექტორი – არჩევნების დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტი არ დადგინდა

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტი არ დადგინდა, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე, ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა. შესწავლა მედიასაშუალების მიერ 2021 წლის 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.

გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, არჩევნების კენჭისყრის დღეს, ქ. რუსთავში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები მიმართული იყო უშუალოდ საარჩევნო კაბინებისკენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ:

საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერის ხედვის არეალში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი სივრცე და საარჩევნო კაბინები არ ხვდებოდა. იგი მიმართული იყო არა საარჩევნო უბნის, არამედ საარჩევნო უბნის მარჯვენა მხარეს არსებული დერეფნისკენ;

2021 წლის პირველ ოქტომბერს, 15:30 საათზე სკოლის მანდატურმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილის საფუძველზე (რომლითაც მოთხოვნილი იყო, 2021 წლის 2 ოქტომბრის 07:00 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამებამდე, ვიდეოსათვალთვალო სისტემის გამორთვა ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც განთავსებული იყო საარჩევნო უბანი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით, გათიშა ვიდეოსათვალთვალო სისტემა. შესაბამისად, 2021 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო სკოლის ვიდეოსათვალთვალო სისტემა არ ფუნქციონირებდა;

აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით გადაღებული ყველაზე ბოლო ჩანაწერი თარიღდება 2021 წლის 1 ოქტომბრის, 15:25 საათით. ამასთან, არ გამოიკვეთა ვიდეოჩანაწერების წაშლის ან/და სხვა მსგავსი მანიპულაციის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს, საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბანზე ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით მონაცემების დამუშავებისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საარჩევნო უბანზე განთავსებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერებმა ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე მყოფ პირებსა და საარჩევნო პროცესის დამკვირვებლებს, შესაძლოა გაუჩინოს ეჭვი კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შესახებ, რაც ხელს უშლის საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გარანტირებული ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლინებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა რეკომენდაცია მიიღოს შესაბამისი ზომები, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე განთავსებული ვიდეოკამერების იმგვარად მოდიფიცირების შესახებ, რომელიც ამომრჩევლებში და საარჩევნო უბანზე მყოფ სხვა პირებში არ გააჩენს ვიდეოთვალთვალის განცდას“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

წინა სტატიაშიფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება
შემდეგი სტატიაჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ