ილია მეორის დაკრძალვის დღეს, მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობის დროს დაეხმარებიან”,- აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე.
ის ასევე განმარტავს, რომ მრევლისთვის გამოყოფილი იქნება სივრცის გარკვეული ნაწილი, სადაც მათი ნაკადის მართვა იქნება შესაძლებელი.
„მრევლისთვის იქნება სივრცის გარკვეული ნაწილი, სადაც ალბათ შევძლებთ, შეზღუდული რაოდენობა შემოვიდეს. სავარაუდოდ ამის ხელით მართვა მოგვიწევს. ყველა სივრცე როცა შეივსება, შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, ჩამოდის მსოფლიოს პატრიარქი და მან უნდა ჩაატაროს წირვა. შესაბამისად, წირვის პერიოდში აღარ იქნება მსვლელობა შიგნით. ადგილზე მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობაში შეუწყობენ ხელს. სამებაში ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გამოსვენება. გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი და საზოგადოებას ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენებისას გვერდითა პოზიციები დაიკავონ. შემდგომში კი ნელ-ნელა გამოყვნენ უკან მსვლელობას“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ამასთან, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ილია მეორის დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.















