,,სახელმწიფო არასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება”

region
: region ივნისი 7, 2019 14:09

,,სახელმწიფო არასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება”

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ეკონომიკის სამინისტროსთვის, ამას ჩვენ ვადასტურებთ საქმით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

როგორც მინისტრმა კომიტეტზე აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ბოლო პერიოდში სპეკულაციები მიმდინარეობს.

მისი თქმით, სახელმწიფოს მსგავსი სახის მხარდაჭერა, როგორიც აქვს ანაკლიის პორტს, არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ანაკლიას, როგორც პროექტს და ვთავაზობთ კერძო ინვესტორს. ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი. ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია. ეს არ არის მხოლოდ დაპირება, არის კონკრეტული ვალდებულება, ეს არის მოქნილი ვადები. პირველი ვადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეთანხმებული სამუშაოების დაწყებისა და ფინანსური დახურვის მიღწევის ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო“. – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ამის შემდეგ სახელმწიფომ ინვესტორის თხოვნა რამდენჯერმე გაითვალისწინა და დრო გადაავადა.

„ჩვენ კვლავ ვიხილავთ მათთან დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, ამ ვადების დარღვევის გამო, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროექტი შედგეს, რადგან ანაკლია არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომელიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს და ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და ტვირთების მიღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში იხილავს და განიხილავს სახელმწიფო ნებისმიერ სხვა ინიციატივას, თუნდაც ძალიან საინტერესოს და ყურადსაღებ ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ.

მისი თქმით, ეს იმითაც დასტურდება, რომ გაუქმდა ფოთის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტი.

„მეორეხარისხოვანი დოკუმენტი, რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე, მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში, მშენებლობის დასაწყებად, ჩამონათვალი მაქვს, 20-მდე სხვადასხვა საკითხი, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი და შესრულებული ნებართვის მისაღებად, შესრულებული და წარმოდგენილი არ ყოფილა. საუბარი იყო მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, რომელიც როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და ის მომზადდა და შეიქმნა ჩემი მინისტრად დანიშვნამდე, ტექნიკური დარღვევის გამო, ეს დოკუმენტი დღეს გაუქმებულია. სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირებით არ ჩამაყენა დროულად საქმის კურსში, აღარ არის თავის თანამდებობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება.

„არასოდეს სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არ მიიღებს რამე გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ანაკლიისთვის დამაზიანებელი. ეს არის მთავარი და პრინციპული, რისი თქმაც მინდოდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

region
: region ივნისი 7, 2019 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics