სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მოხდეს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის და შეკრებისა თავისუფლებების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების გააზრება და ამ მიმართულებით, ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში მიმოიხილა ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ ფაქტების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით.

„კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 9 სექტემბერს საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და არ ადასტურებს უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეს, რომელიც მიმართული იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს, რომელშიც საკუთარი უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას განიხილავს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება ასევე გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაზე, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება; უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

სახალხო დამცველმა მოუწოდა თანამდებობის პირებს, გაატარონ ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით და ეფექტიანად მოხდეს 2018 წლის 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარი ინციდენტებისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებების კანონთან შესაბამისობის გამოძიება, ასევე საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიშშმ პირის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიატრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე სანქციები მკაცრდება