“სახალხო დამცველმა ნიღაბი ჩამოიხსნა, გადავიდა სხვა ბოსტანში და იქიდან აფასებს სიტუაციას, ბატონო უჩა, რელსებს აცდით”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენდნენ, იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი და უჩა ნანუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის ინიციატივა გახდა, რომელიც მოსამართლეთა შეურაცხყოფას ეხება.

ამ საკითხზე უჩა ნანუაშვილისათვის შეკითხვის რამდენჯერმე დასმის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სახალხო დამცველის ჩართვა იგეგმება. პასუხად უჩა ნანუაშვილმა, ზარდიაშვილს წარსული შეახსენა.

“თქვენი ეს გამოსვლა მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტები არსებობდა, იმის რომ გადაწყვეტილებები იყო უკანონო. გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა იყო 0,1%. თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და გადანაშაულებდნენ ზეწოლაში. მათი განცხადებით, თქვენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე წასვლას უკრძალავდით”,- მიმართა ნანუაშვილმა ზარდიაშვილს.

ამის პასუხად კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი “რელსებს აცდა”.

“სახალხო დამცველმა ნიღაბი ჩამოიხსნა, გადავიდა სხვა ბოსტანში და იქიდან აფასებს სიტუაციას. ბრალად წამიყენეთ ისეთი რაღაც, რაც ჩემი მოვალეობა იყო. 2012 წელს მანდატურები მთხოვდნენ რომ წასულიყვნენ აქციაზე სამუშაო საათებში. ახლაც რომ იქ ვმუშაობდე, ვერც ახლა გავუშვებ, იმიტომ რომ როგორც ციხეა ბადრაგის გარეშე, ისეა სასამართლო მანდატურის გარეშე. ბატონო უჩა, რელსებს აცდით ხომ ხედავთ”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა