სახალხო დამცველის მოადგილე – დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით და მსგავსი კითხვები ჩვენს გვაქვს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის, თუ რა რეაგირების ფორმები უნდა ჰქონდეს კომისიას.

„მოგეხსენებათ, ეს არის პირველი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ბუნებრივად ახლავს გარკვეული დელიკატურობა და გარკვეული ფრთხილი მიდგომები საჭიროა. განვიხილეთ სამართლებრივი საკითხები, რომელიც ამ კუთხით არსებობს, შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტები, ვიმსჯელეთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. ამ ეტაპზე, კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს, მგონი, ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატსაც ანალოგიური მიგნებები ჰქონდა.

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ჩვენც ანალოგიური მიგნებები გვქონდა და ბუნებრივია, ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით, ეს კითხვის ნიშნები ჩვენც გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სწორი კითხვები და მნიშვნელოვანი საკითხები, მიგვაჩნია, რომ მათი გაზიარება მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა გარკვეული პროცედურული საკითხებია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს რეკომენდაციები გააცნო. დახურულ შეხვედრაზე საუბარი ორ რეკომენდაციას შეეხო, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გასულ კვირაში ისაუბრა – ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება და ასევე, კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

banner
წინა სტატიაში„ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიშთან დაკავშირებით 109 ქალი პატიმარი შიმშილობს
შემდეგი სტატიადაისვა საკითხი, რამდენად აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება, გასცეს რეკომენდაცია პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე