სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა, ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.

„სომატურად გაუმჯობესებულია, წონაში მოიმატა, კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ძველ დასკვნებში ნეიროპათია როგორიც იყო, წონასწორობის კარგვა, ისევ ისეა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვფიქრობ, არასტაბილურია, ესეც არ შეცვლილა. ჩემი აზრით, დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება. მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში, რამდენიმე დღეში თუ არა, შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გახდეს. პაციენტის სტაბილური და გაუმჯობესებული მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა, ხოლო ოპტიმალური იქნება, თუ სახელმწიფო CPT-ის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ამასთან, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სააკაშვილი ამ ეტაპზე 77 კილოს იწონის.

„ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლია. სამედიცინო მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, ეს გარემო არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია. სწორედ ეს არის აღნიშნული საერთაშორისო დასკვნაში, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება მეორეჯერ გამოიწვიოს სომატური დარღვევები, არ აღდგება. იწონის 77 კილოს და 400 გრამს“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაშიგაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“
შემდეგი სტატიაწალენჯიხის “ქართული ოცნების” გუნდმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას პროტესტი გამოუცხადა