სახალხო დამცველის განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2020 18:32

სახალხო დამცველის განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, რომელიც აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში და სიმბოლურად დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც დღევანდელი მსოფლიო პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძაფრია. პანდემიისა და მის სამართავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მრავალი დასაქმებული დარჩა სამსახურის გარეშე, შეუმცირდა ანაზღაურება ან მოუწია უხელფასო შვებულებაში გასვლა, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი დიდი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას (მაგალითად სამედიცინო მუშაკები, სუპერმარკეტების და აფთიაქების თანამშრომლები და სხვა), ზოგ შემთხვევაში არანორმირებულ რეჟიმშიც (მაგალითად პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები). პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულ საკითხებს სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა და მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას.
დადებითად უნდა შეფასდეს 2019 წლის სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გავრცელება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და შრომის ინსპექტორებისთვის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგის მიზნით სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვების მოხსნა, ასევე ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის აპრილში კონკურსების გამოცხადება. აღნიშნულის მიუხედავად სამწუხაროდ, კვლავ მაღალია სამუშაო ადგილებზე დაღუპულ და დაშავებულ პირთა რაოდენობა. 2019 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 49 და დაშავდა 142 ადამიანი. სახალხო დამცველის შეფასებით უმნიშვნელოვანესია დროულად დასრულდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის კადრებით დაკომპლექტების პროცესი და ინსპექტორებმა ეფექტურად განახორცილონ საწარმოთა ინსპექტირება.
კვლავ აქტუალურია შრომის ინსპექციისთვის შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობის უფლებამოსილებების მინიჭების საკითხი. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, ინსპექტორებს შრომის უსაფრთხოების გარდა სხვა შრომითი უფლებების დაცვის, როგორიცაა სამუშაო საათები, შვებულებით სარგებლობის უფლება, ზეგანაკვეთური სამუშაო და სხვა, მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ კომპანიების თანხმობის შემთხვევაში. სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს აღნიშნულზე და მოითხოვს, შრომის ინსპექტორებს, შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მსგავსად მიეცეთ შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ნებისმიერ საწარმოში დაუბრკოლებელი შესვლისა და გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა.
ამასთან, პრობლემად რჩება დისკრიმინაციული დამოკიდებულება შრომით ურთიერთობებში. მაგალითად, კერძო სექტორში დასაქმებული ქალების მიერ ანაზღაურებადი ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობა კვლავ დამსაქმებლის სურვილზეა დამოკიდებული, რის გამოც, ხშირ შემთხვევებში, ქალები ამ უფლების რეალიზებას ვერ ახდენენ. სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლის მიერ ამ სახის შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას კი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს. სამუშაო ადგილზე ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ხშირად გამოიხატება სექსუალურ შევიწროებაში, რასაც თითქმის ყველა შემთხვევაში, შედეგად ქალების მიერ სამსახურის დატოვება მოსდევს. ასევე პრობლემურია სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტები – როგორც წესი, ხელმძღვანელი პირების მხრიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საჯარო თუ კერძო დასაქმების ადგილას განსხვავებული და პოლიტიკური მოსაზრების გამო შრომითი უფლებების შელახვა.
სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში აგრძელებს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2020 18:32

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics