საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის საქმე დეტალურად შეისწავლა და უპრეცედენტო დარღვევები გამოააშკარავა.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ 22 წლის მუსიკოსის საქმე და განაჩენი, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავებიან დაუსაბუთებელია, მტკიცებულებები დარღვევებით არის მოპოვებული და გამოძიების მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
ახლა საინტერესოა გაითვალისწინებს თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლო ომბუდსმენი შეფასებას, რომელიც სასამართლოში ხომერიკის საქმეზე უკვე წარადგინეს.
დავით ხომერიკის საქმე, რომელზეც ჩვენ უკვე 1 წელია ვსაუბრობთ, გამორჩეულია იმით სხვა პოლიტიკური საქმეებისგან, რომ ყველაზე მეტი და ყველაზე თვალსაჩინო დარღვევები ალბათ სწორედ ამ საქმეში აქვს დაშვებული საქმის შემკერავ და წარმოებულ ორგანოს, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო წარმოების ეტაპზე.
ეს არის საქმე, სადაც მოწმეები ერთ პროცესზე აძლევდნენ ერთ ჩვენებას და მეორე პროცესზე მეორე ჩვენებას. ამასთან, ოქმებში წერდნენ აბსოლუტურად სხვა ტიპის ინფორმაციას. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება არ არის მოპოვებული სისხლისსამართლებრივი წესით.
სახალხო დამცველმაც წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ამომწურავად ვერ მიმოიხილა საქმის ყველა გარემოება და ყველა ის ხარვეზი რომელიც დაშვებულია საქმის წარმოების დროს სახელმწიფოს მიერ, ცალსახად ხაზი გაუსვა მტკიცებულებების მოპოვების არასაკმარის სტანდარტს, არაკანონიერ ხასიათს და განაცხადა, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად ამ ტიპის კანონდარღვევები,” – განაცხადა უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ.

















