სახალხო დამცველის ანგარიშს სისტემური ხედვა აკლია – კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიშს სისტემური ხედვა აკლია. უჩა ნანუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში დღეს მოუსმენენ. ომბუდსმენი პარლამენტში 2016 წლის ანგარიშით წარდგება.

„წელს გავიზიარეთ ყველაზე მეტი, 223 რეკომენდაცია, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რასაც კატეგორიულად ვერ ვეთანხმებით. წინა წლის რეკომენდაციებიდან კი თითქმის ყველა შესრულებულია. ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ პროკურატურასა და სასამართლოში არის დადებითი ტენდეციები. ხორციელდება რეფორმები. 11 მარტს, ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით შსს-თან მიმართებით არის საკითხები, რასაც არ ვეთანხმებით. როცა პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენები მიმდინარეობდა, უჩა ნანუაშვილმა ვერ დაგვისაბუთა, თუ რას მიიჩნევდა ის მიზანშეწონილად ბათუმის ინციდენტთან დაკავშრებით და როდის უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო იმისთვის, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფილიყო სახელმწიფოს ქმედება. ვფიქრობთ, რომ ბათუმის თემაზე სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური ქმედებები იყო. იქ ზედმეტი ძალის გამოყენება დააზარალებდა ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ჩვენ დავემორჩილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდით, ეს არ იყო მართებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ნამდვილად არ იყო არაკონსტიტუციური. საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით იყო გარკვეული შეკითხვები. რაც შეეხება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ მოქმედ კანონს, საერთაშორისო გამცდილების საფუძველზე შევიმუშავეთ ეს კანონი და ამდენი განხილვების შემდეგ ვერ გავიზიარებთ იმას, რომ ამ კანონში არის რამე არაკონსტიტუციური. სარჩელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო.
ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშს აკლია სისტემური ხედვა . შესაძლებელი იყო ამ სისტემური ხედვის საფუძველზე უკეთესი რეკომენდაციები დადებულიყო, ვიდრე ფრაგმენტული საკითხები. ამ კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთან არის სოციალურ -ეკონომიკური უფლებები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშინარმანია: გავეცნობით აუდიტის დასკვნას და განცხადებას შემდეგ გავაკეთებთ
შემდეგი სტატია“ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ლოგიკური გაგრძელება ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება” – გიორგაძე