სახალხო დამცველი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მ.ხ.-მ და მისმა ორმა თანმხლებმა პირმა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი კროუნ პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტ გიორგი გასვიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 19 დეკემბერს, შს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112–დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის (ძალადობის) პირველი ნაწილით, თუმცა საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).
მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუკი არსებობს ვარაუდი ანდა კონკრეტული პირი უთითებს, რომ პოლიციელმა მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერება უნდა იყოს დამკვიდრებული პრაქტიკა. ამიტომაც სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

მსგავსი შემთხვევების გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აპარატის წარმოებაშია არაერთი საქმე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ძალადობას ეხება და შესაძლოა ვლინდებოდეს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი საქმეების გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურად მიმდინარეობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სასამართლოში წარიმართა, ჭიანურდება საქმის სასამართლოში განხილვაც.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და არ არსებობდეს განცდა, თითქოს მათ მიერ კანონის დარღვევა და ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ადეკვატური რეაგირების მიღმა დარჩება, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც სამართალდამცველის სახელს ამოფარებული ახორციელებს ძალადობას, ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძის რჩევები მთავრობას
შემდეგი სტატია„10 პუნქტიანი გეგმა არ არის ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული”- ექსპერტი გიორგი პაპავა