სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე, ოთხთვიან პერიოდში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი მანდატის ფარგლებში აკვირდებოდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანად და მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე არსებითი გავლენა მოახდინა მრავალმა ხარვეზმა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

ამასთან, ომბუდსმენის დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ისე დაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასების ფორმა, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. წევრებს შორის შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეალობაში სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა. ამ პირობებში, კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა მხოლოდ პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებს, რასაც თავისთავად რაიმე ღირებულება არ გააჩნია და პირიქით, ზიანის მომტანია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასაუბრების შემდგომ კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 12-მა წევრმა შეაფასა. 12 შემფასებლის ფარგლებში, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდია სხვაობა კანდიდატისთვის დაწერილ ქულათა შორის (30-დან 57 ქულამდე). 12 შემფასებლის ფარგლებში, რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა მინიმალურ და მაქსიმალურ ქულათა შორის სიახლოვეც (3-დან 10 ქულამდე).

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 50 კანდიდატიდან 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების ანალიზისას დაფიქსირდა, რომ საბჭოს 10-მა წევრმა ხმათა მაღალი რაოდენობა მისცა 20 კონკრეტულ კანდიდატს, საშუალო რაოდენობის ხმები არავის არ მიუღია, ხოლო 18-მა კანდიდატმა ხმათა დაბალი რაოდენობა მიიღო. 10 წევრის მხრიდან ამ სტრატეგიით მოქმედებამ და კანდიდატებისთვის ხმათა საშუალო რაოდენობის მიუცემლობამ, საბჭოს დანარჩენი წევრების ხმათა თანხვედრით კანდიდატების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევები გამორიცხა.

დოკუმენტის მიხედვით, შეფასების მოქმედი სისტემის ფარგლებში, როდესაც მინიჭებული ქულა არ საბუთდება, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო კომპეტენტურია კანდიდატი, თუმცა ამ პირობებშიც კი ნამდვილად გასაკვირია საბჭოს იმ 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მაღალი ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა არ მისცეს მას, ან პირიქით, ნაკლები ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა მისცეს მას. საბჭოს 10 წევრის ფარგლებში ასეთი ოთხი კანდიდატი გამოიკვეთა.

ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : ჩემი საქმის განხილვის გაჭიანურება დადასტურებაა, რომ სასამართლო სისტემას მართავს ვიწრო ინტერესებით მოძრავი ჯგუფი