სახალხო დამცველი წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმყოფებოდა

nanushvili2016 წლის 25–26 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული საჭიროებების შესახებ.

სამეგრელოში მოსახლეობის ძირითად პრობლემას სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა წარმოადგენს. შეჩერებულია გაზიფიცირება, მოუგვარებელია ეკომიგრანტებისა და დევნილთა განსახლების საკითხი, მძიმეა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა. მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმართვას ითხოვს.

მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიების უმრავლესობაში პრობლემურია მედიკამენტებით მომარაგების საკითხი; გადაუდებელ შემთხვევებში ექიმები წამლების საკუთარი ხელფასით იძენენ. მოუწესრიგებელი გზების გამო გვიანდება სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და ავადმყოფის ტრანსპორტირება.

წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლები და ბაღები მეტწილად რეაბილიტაციას საჭიროებს. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების შიდა ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. რიგ სკოლებში სპორტული დარბაზები არ ფუნქციონირებს, ნაწილში კი არ არის სპორტული ინვენტარი.

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს წალენჯიხის რაიონის მცხოვრებმა პირებმა, რომელთა სამოსახლოზეც ჯვარი–ხორგას დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების დამონტაჟება მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, თხოვნის მიუხედავად, მშენებლობის განმახორციელებელი კომპანია ანძების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საფრთხის შესახებ მათ ინფორმაციას არ აწვდის. მოსახლეობა ვერც სათანადო კომპენსაციას იღებს.

სახალხო დამცველი რეგიონში არსებული როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი პრობლემების შესწავლას განაგრძობს და შესაბამისი რეკომენდაციით უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის დრო ჯერ დაზუსტებული არ არის
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილთან სამი წელი ვიმუშავე და მისი აზრების წინასწარი წაკითხვის მცდელობა უპერსპექტივოა”