სახალხო დამცველი თსუ-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს ეხება და გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახალხო დაცველის აპარატი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უნივერსიტეტის კანცლერს შეხვდა.

სტუდენტები უკვე ერთი თვეა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.

„მთავარი მოთხოვნა და პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია. დღესდღეობით თბილისში ორი სტუდენტური საცხოვრებელი გვაქვს, ერთი შედარებით ახალი და კეთილმოწყობილი ლისის ტბასთან მდებარეობს, თუმცა, მასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და საცხოვრისზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მეორე არის ბაგებში, სადაც საცხოვრებელი გარემო ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 21-ე საუკუნეში იქ საერთოდ არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს და არც უნივერსიტეტი არ უნდა სთავაზობდეს სტუდენტებს მსგავს პირობებში ცხოვრებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სტუდენტები ითხოვდნენ არა გამოცდებზე შეღავათებს, არამედ, იმ შეღავათებს, რომელიც სწავლასა და საგამოცდო პროცესს მოერგება, თითოეული მათგანის მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით; მითუმეტეს, რომ ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს.

სახალხო დამცველმა უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრაზე სტუდენტებთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგების აუცილებლობას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი. პირველ რიგში უნდა დაიწყოს გულწრფელი საუბრები სტუდენტებთან. ასევე, ვფიქრობ, უნივერსიტეტმა გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უნდა გადაჭრას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასასრულს.

banner
წინა სტატიაშიპატარა კაცი უზარმაზარი კომპლექსებით… საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება მედვედევი – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიარუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით არ არის დაინტერესებული, მისი ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე – ზელენსკი