სახალხო დამცველი თბილისის მუნიციპალიტეტის განცხადებას ეხმიანება

სახალხო დამცველი ვერ გაიზიარებს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ანგარიშში ასახული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება ომბუდსმენის აპარატი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით ომბუდსმენის ანგარიშს ეხება.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და უმეტესწილად, სწორედ მათგან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და დადებითი ტენდენციები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ.

„2019 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარადგინა. ანგარიშს კრიტიკულად გამოეხმაურა თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული მონაცემები მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობასთან, მათ მიერ მოხმარებული საწვავის ტიპთან და უწყების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებზე განხორციელებულ რეაგირებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. (განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2GMjeaa).

სახალხო დამცველი ვერ გაიზიარებს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ანგარიშში ასახული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით. სპეციალური ანგარიშის მომზადების პროცესში, აპარატს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და უმეტესწილად, სწორედ მათგან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის კუთხით, ქვეყანაში არსებული გამოწვევები და დადებითი ტენდენციები.

ანგარიშში მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობის განხილვისას, აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული 90 ახალი ავტობუსი ტექნიკურად გამართულია და აკმაყოფილებს ევრო 6 სტანდარტს, თუმცა, ეს ავტობუსები დიზელის საწვავს მოიხმარენ, რომლის სტანდარტი საქართველოში ევრო 4-ს უტოლდება და მასში გოგირდის შემცველობის ზღვრული ნიშნული 5-ჯერ აღემატება ევროპულ ნორმას. თავის მხრივ, მსგავსი საწვავის მოხმარება თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით გამართულ ავტომანქანებში, მაინც ქმნის ჰაერის დაბინძურების საფრთხეს.

სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შეძენას. პასუხად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მხოლოდ ახალი ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები განმარტა და არ მიუთითებია, იგეგმებოდა ან/და მიმდინარეობდა თუ არა მათთვის ევრო 6 ტიპის დიზელის საწვავის შეძენა.

რაც შეეხება სამშენებლო სამართალდარღვევებზე რეაგირების საკითხს, სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის მერიისგან 2015-2018 წლებში მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების გამო ჰაერის დამტვერიანების წინააღმდეგ გატარებული სანქციების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საპასუხო წერილში კი აღნიშნულია, რომ უწყება მოკლებულია უფლებამოსილებას, შეისწავლოს სამშენებლო მოედნის გარეთ არსებული ვითარება. ამასთან, სამსახურმა ხაზი გაუსვა, რომ ჰაერის დამტვერიანების საკითხი არ წარმოადგენს რეგულირების სფეროს.

შესაბამისად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიას 2015 წლიდან არ გამოუვლენია სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემთხვევები და არ გაუტარებია შესაბამისი სანქციები. სახალხო დამცველის მიერ ანგარიშში არ შეფასებულა მერიის მიერ სხვა სახის სამშენებლო სამართალდარღვევებზე რეაგირების მექანიზმი და მისი მახასიათებლები“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ყოფილი-ადვოკატი: “ტრამპი არის რასისტი, თაღლითი და მატყუარა”
შემდეგი სტატიაუკრაინამ “ევროვიზიაში” მონაწილეობაზე უარი თქვა